თბილისი, 9 მარტი – Sputnik. აჭარაში უსახლკაროდ დარჩენილი 100 ოჯახი ბინებს ბათუმში მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღებს.
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასეთი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრამა „სოციალური სახლების“ მშენებლობას ითვალისწინებს.
„სოციალური სახლი“ – სახელმწიფოს მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლებია, რომელთა შეძენა საქართველოს მოქალაქეებს შეღავათიან ფასში შეუძლიათ.
ასეთი სახლების შეძენა შეუძლიათ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც გააჩნიათ სახლის საფასურის ყოველთვიური შენატანის ორმაგი ოდენობის სტაბილური შემოსავალი. შენატანის ოდენობა დამოკიდებულია ოჯახის სულადობაზე და 400 ლარიდან იწყება.
თავად ბინები მცირე ფართობისაა – ორსულიანი ოჯახისთვის ბინის მინიმალური ფართობი 37 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრისთვის „სოციალური სახლის“ პროგრამის ფარგლებში დასრულდება ოთხი სახლის მშენებლობა, სადაც ბინების შეძენას 100 ოჯახი შეძლებს. პროექტის ღირებულება 8,4 მლნ ლარს შეადგენს.