COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარება? სპეციალისტების რეკომენდაციები

ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქართველი მედიკოსები მოსახლეობას ისევ მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდეს.
საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადალახა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 2.783 შემთხვევა გამოვლინდა. თებერვალში კი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 25-26 ათასის ფარგლებში მერყეობდა.

„მთლიანობაში ჰოსპიტალური სექტორისთვის მიმართვიანობა საკმაოდ შემცირდა... ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა, თერაპევტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
„ინფიცირებულთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ორ მაჩვენებელზე – რამდენად დავიცავთ ჩვენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებს და რამდენად სტაბილური იქნება ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი
კორონავირუსის მეექვსე ტალღა და „ომიკრონ“ შტამი ყველაზე ვერაგი აღმოჩნდა. „ომიკრონმა“, რომელიც წინა შტამებისგან განსხვავებით ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და პიკს თებერვალში მიაღწია.
თუმცა, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში შემთხვევების ეტაპობრივი კლება დაიწყო.
სპეციალისტების თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება ყველა პარამეტრით უმჯობესდება. შედარებით მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი – დღეში 25-30 შემთხვევა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 1.629.065 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.568.064 ადამიანი, გარდაიცვალა 16.430 პირი.