თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად 5 მარტს გარდაიცვალა.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.
გუჯა ბურდული „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.