საქართველო და მოლდოვა ცდილობენ ჩაებან ევროკავშირში მიმავალ უკრაინის მატარებელს – კულება

უკრაინას სურს, მისი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებლად განიხილონ.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევს სურს უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად განიხილონ, იუწყება РИА Новости გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს შეიტანეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთივე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

„ჩვენი ქართველი და მოლდოველი პარტნიორების პატივისცემის მიუხედავად, ევროკავშირის წევრობაზე მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების სწორედ ახლა წარდგენა გამოიყურება, როგორც მცდელობა, ჩააბან თავიანთი ორი ვაგონი უკრაინის ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც ბრიუსელისკენ მოძრაობს. ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი დაჩქარებული წესით უნდა იხილებოდეს საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან ცალკე“, – განაცხადა კულებამ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ კიევი აფასებს „ქართველებისა და მოლდოველების სოლიდარობას უკრაინისადმი“ და მადლობელია ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ „ჯერ არც საქართველო და არც მოლდოვა არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი პოზიცია „არ შეესაბამება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პარტნიორულ ურთიერთობებს „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში და ნათლად აჩვენებს, რომ თბილისი და კიშინიოვი არ არინ მზად, გახდნენ უსაფრთხოების რეალური კონტრიბუტორები ევროპაში“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
წყარო - РИА Новости