თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა, მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს.
„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 ათასს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 ათასი, პიკზე გვქონდა 200 ათასზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას: პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუსტერიზირებულ მოსახლეობაში „ომიკრონის“ შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე აუცრელებსა ან ორჯერ აცრილებში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიმართეთ აცრის პუნქტებს და აიცერით“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მართალია შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა.
„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 17,76%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20,84% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17,49%.