COVID-19 - ბოლო ცნობები

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა

ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან 32 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე საქართველოს 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 32 სკოლაა გადასული, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შემცირებულია.
ამ დროისათვის დისტანციურად მუშაობს რისკ-ჯგუფში შემავალი 97 მასწავლებელი.
სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ ძალაში რჩება სკოლებში მოქმედი კოვიდ-რეგულაციები: თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, პირბადის ტარების წესი.
ასევე გრძელდება სკოლის ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და პედაგოგების სავალდებულო ტესტირება. პირველი მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი კორონავირუსზე კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით მოწმდება, რასაც კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ხოლო PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.
ამ დროისათვის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,7%-ს, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.