პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ელგუჯა ბურდული კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობის ელგუჯა (გუჯა) ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ფილმ „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული 80 წლის ასაკში კორონავირუსის შემდგომი გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა.
„მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს. ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ბურდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ იყო აცრილი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.
წყარო - საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდი