ხშირად, როდესაც ფეხმძიმე ქალი ჩივის, რომ სულ ეძინება, მეორე, უფრო გამოცდილი, ეუბნება, იძინე სანამ ამის დრო გაქვსო, რადგან იცის, რომ ბავშვის დაბადებას უძილო ღამეები მოჰყვება.
ახალშობილის ძილი ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. ზოგჯერ ღამის განმავლობაში შეიძლება ყოველ საათში გაიღვიძოს და კვება ან თამაში მოითხოვოს.
რომელი თვიდან დაიწყებს ბავშვი ღამე კარგად ძილს, ამას წინდაწინ ვერავინ გეტყვით. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია — რაც კარგად მოქმედებს ერთზე, იმას მეორისთვის შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ისინი იძინებენ და იღვიძებენ მაშინ, როცა მოესურვებათ.
ბავშვები ტემპერამენტით განსხვავდებიან და გარკვეულწილად ამაზეა დამოკიდებული, ეყვარება ძილი თუ არა. პატარების ერთ ნაწილს უფრო დღისით ძილი უყვარს, ხოლო მეორე ნაწილი ღამით იძინებს მშვიდად.
ახალშობილები უფრო ხშირად იღვიძებენ ღამე საკვების მისაღებად და აღვიძებენ შობლებს, რადგან თავად უჭირთ დაწყნარება და ჩაძინება. ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ 6 თვის ასაკს მიღწეული ბავშვები იშვიათად კი არ იღვიძებენ ღამე, უბრალოდ ისე ხშირად აღარ აღვიძებენ მშობლებს.
ჩვილი ბავშვები, რომლებიც დილით ძალიან ადრე იღვიძებენ, ან ღამე ფხიზლად არიან, ჩვეულებრივად, ასაკის შესაბამისად ვითარდებიან, თუმცა თუ უძილობა დიდხანს გრძელდება, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
შეგვიძლია თუ არა რამენაირად ვასწავლოთ პატარა ბავშვს ღამე დაძინება? დიახ, შეგვიძლია, თუმცა ეს ადვილი არ არის, მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და თანმიმდევრულობას.
თუ ვფიქრობთ, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა დაიძინოს ხანგრძლივი ღამის ძილით, ვცადოთ და გავითვალისწინოთ მედიცინის დოქტორების კერის სტეფენსის და ჰან ლეს ხუთი რჩევა, რომლებიც აღწერილია წიგნში „ძილის ტრენინგი“. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ რჩევების გათვალისწინების შედეგად უკვე ოთხი თვის ბავშვს მიყოლებით 11 საათი ეძინება.
გამორიცხული არ არის, რომ ეს რჩევები თქვენც იცოდეთ, მაგრამ მაინც გავიმეოროთ:
კვება — ხელი შეუწყვეთ ბავშვის სრულ კვებას. პირველი ექვსი კვირის განმავლობაში კვების პროცესი შეიძლება 20-40 წუთი გრძელდებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ პატარამ შეიძლება 8-10 წუთის შემდეგ ჩაიძინოს. დედამ ის უნდა შეაღვიძოს და ეცადოს, რომ ბავშვმა იფხიზლოს მანამ, სანამ სრულად არ მიიღებს საჭირო რაოდენობის საკვებს;
რეჟიმი — რაც შეიძლება ადრე შეიმუშავეთ ძილის რეჟიმი. პატარებს უყვართ რუტინა და უნდა იცოდნენ, რა ხდება შემდეგ. ძილისთვის საჭირო სიგნალები ერთისთვის შეიძლება იყოს საფენების გამოცვლა, ნაზი რწევა, სიმღერა, მეორისთვის — აბაზანა, მასაჟი, სრული კვება. ძილის წინ რუტინები შეიძლება გაგრძლდეს 60 წუთამდე.
გარემო — შეინარჩუნეთ ერთი და იგივე გარემო ძილისთვის. ბავშვებს უყვართ, როცა იღვიძებენ იმავე გარემოში, რომელშიც დაიძინეს.
გარდა ამისა, თუ ბავშვი ღამით საწოლში იძინებს, დღისითაც საწოლში უნდა დააძინოთ და არა, ვთქვათ, დედის ხელში. უფრო მეტიც, ისიც კი მნიშვნელოვანია, ბავშვს სახით ფანჯრისკენ აძინებთ თუ პირიქით.
ზოგ ბავშვს ურჩევნია, უფრო მჭიდროდ შემოხვეული თეთრეულით დაიძინოს, ზოგს — პირიქით, თავისუფლება მოსწონს.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ოთახის განიავება და ცოტა სიცივე, ჩაბნელება და სიჩუმე.
ხანგრძლივობა — ეცადეთ, ბავშვის ძილის ხანგრძლივობა ერთნაირი იყოს. მისაღებია, რომ დღის ძილი 30-45 წუთი, მაგრამ არაუმეტეს 3 საათისა გაგრძელდეს.
თუ ბავშვი დღისით ვერ გამოიძინებს, ის შეიძლება ღამე აგზნებული იყოს. მეორე მხრივ, ღამით ჩაძინებაში მას შეიძლება ზედმეტმა ძილმაც შეუშალოს ხელი.
ჭამე-ითამაშე-დაიძინე — შეიმუშავეთ და გაიმეორეთ რუტინა არა მხოლოდ ძილის წინ, არამედ სიფხიზლის დროსაც. თუ ბავშვს გასეირნების დროს აძინებით, ესეც ერთსა და იმავე დროს უნდა აკეთოთ.
თუ ამ ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებთ, მაგრამ ბავშვი მაინც ტირის და არ იძინებს, რა შეიძლება იყოს ჩვილის უძილობის ძირითადი მიზეზები?
ეს მიზეზები ასეთია:
შიმშილი. ჩვილმა შეიძლება გაიღვიძოს თუ მას შია;
ჯანმრთელობის პრობლემა. თუ ბავშვი ღამე იღვიძებს მკვეთრი ტირილით და მისი დაწყნარება შეუძლებელია, მას შეიძლება ქონდეს სტანდარტული კოლიკა, პირველი კბილების ამოჭრა, გაციება, ტემპერატურა, ალერგიული ქავილი;
მშრალი, თბილი ჰაერი. თუ ოთახში ჩახუთულობაა, ძილიც ირღვევა. რეკომენდებულია ოთახის ხშირი განიავება, ან დამატენიანებლების გამოყენება;
სველი საფენები. ბავშვების ნაწილი მკვეთრად რეაგირებს სველ საფენზე, დეფეკაციაზე, თუმცა ზოგიერთისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს;
ფიზიკური კონტაქტის საჭიროება. ბავშვი ცხრა თვე იყო დედის სხეულში და უცბად ის აღმოჩნდა უჩვეულო გარემოში. რეკომენდებულია ბავშვის ხელში აყვანა და მისი დაჭერა მარცხენა მხარეს, სადაც ის იგრძნობს დედის გულისცემას;
სტრესი. ბავშვი რეაგირებს ოჯახში დაძაბულ ფსიქოლოგიურ გარემოზე, მისთვის არაკომფორტულია ოთახში ავეჯის ხშირი გადაადგილებაც კი;
არის ასევე სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება ღამე გააღვიძოს პატარა. მაგალითად, არაკომფორტული ტანსაცმელი, მოუხერხებელი საფენი, მუდმივი ხმაური და ასე შემდეგ.
რა უნდა გავითვალისწინოთ მოზრდილი ასაკის ბავშვების დაძინებისას?
და როგორ მოვიქცეთ, თუ ყველაფერი გავაკეთეთ, ბავშვი საწოლში ჩავაწვინეთ, საბანი დავაფარეთ, ვაკოცეთ, ტკბილი ძილი ვუსურვეთ, მაგრამ უეცრად ახალი და ენერგიული „პროგრამა“ დაიწყო — ბავშვი წამოხტება, ყვირის, დარბის, ტირის, ითხოვს წყალს, ტუალეტს და ეს ყველაფერი უნდა ერთდროულად?
ამ შემთხვევაში უცვლელი ორი რამ რჩება:
1.
ძილის დრო და ადგილი;2.
ძილისთვის მზადება რიტუალებით უნდა დაიწყოს: ტელევიზორის ხმის დაწევა ან გამორთვა, ვახშამი, აბაზანა, წიგნი ან წყნარი სიმღერა.მთავარი, რაც ამ დროს უნდა ვიცოდეთ:
თავად მოვემზადოთ მორალურად, რომ ეს ყველაფერი ერთი საღამოს განმავლობაში შეიძლება გამეორდეს ხუთჯერ და უფრო მეტჯერაც; გამეორდეს მომდევნო საღამოების განმავლობაშიც — რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირაც კი. როდესაც ბავშვს დაძინებას ვასწავლით, არ უნდა დავგეგმოთ სხვა სერიოზული საქმე;
ვიყოთ მშვიდად, არ გავბრაზდეთ ბავშვზე, არ ვუყვიროთ და არ ვეჩხუბოთ; ბავშვს ეს ამახსოვრდება, ღამე მოუსვენრად სძინავს და მეორე დილითაც უხასიათოდაა;
ვაცადოთ ცოტა ხანი და ბევრი ლაპარაკის გარეშე დავაბრუნოთ უკან, საწოლში (არა მაშინვე, რადგან ეს დაემსგავსება მხიარულ თამაშს „აბა, დამაძინე“;
დავაცადოთ ცოტა ხანი და ხელახლა დავაფაროთ საბანი. არ ვაიძულოთ, რომ იწვეს სწორად და არ გაინძრეს. შეიძლება წამოჯდეს, იწრიალოს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ გადმოვიდეს საწოლიდან;
თუ ბავშვი გვარწმუნებს, რომ არ ეძინება, ვუთხრათ, რომ შეუძლია არ დაიძინოს, ოღონდ არ გადმოძვრეს საწოლიდან, უბრალოდ „დაისვენოს“. თუ მაინც ადგა, რამდენჯერაც დატოვებს საწოლს, იმდენჯერ მშვიდად დავაბრუნოთ უკან (შეიძლება მოვეფეროთ, დავალევინოთ წყალი, მივუწვინოთ საყვარელი სათამაშო ან დამატებით საწოლშივე მოვუყვეთ პატარა, მშვიდი ზღაპარი);
თუ დავნებდებით და ბავშვს გვერდით მოვისვამთ ტელევიზორთან, ან ჩვენს საწოლში წავიყვანთ, იცოდეთ, რომ მომდევნო დღესაც იგივე გამეორდება;
თუ თავად გვჯერა, რომ წესი „ძილის დრო“ მნიშვნელოვანია, მას ასევე მნიშვნელოვნად აღიქვამს ბავშვიც. ხოლო თუ „ძილის დრო“ ჩვენთვის უსარგებლო კონცეფციაა, ასე იქნება ბავშვისთვისაც.
დაბოლოს, მიუხედავად ამდენი რეკომენდაციებისა, ყველა მშობელი ბავშვის უძილობასთან პირისპირ, მარტო რჩება და თავად უწევს ახალი „აღმოჩენების“ გაკეთება.