თბილისი, 1 მარტი – Sputnik. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების დროებითი საცხოვრებლით და სათანადო პირობებით უზრუნველყოფა დაევალა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე 1-13 თებერვლის პერიოდში შემოვიდნენ, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლითა და საკვებით.
„ტურისტებს, რომლებსაც გაქვთ სერვისით სარგებლობის საჭიროება, გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144-3“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად ხორციელდება.
26 თებერვალს ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
გუშინ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა ახალი ანტირუსული სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთეს განცხადება. „შავ სიაში“ რამდენიმე მსხვილი ბანკი, მათ შორის Sberbank და VTB მოხვდა.