თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის კვლავ 70%, ხოლო ვაზზე - 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
„სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ ლარია.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.