თავისუფალი ჭიდაობა: ქართველებმა სტამბულში ორი მედალი აიღეს

სტამბულში მიმდინარე ტურნირზე ვერცხლის მედალი ბექა ბუჯიაშვილმა მოიპოვა, ხოლო იაკობიშვილს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თანამემამულის დამარცხება მოუწია.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს.
ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ბუჯიაშვილი გახდა, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტურნირის მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ).
ბექა ბუჯიაშვილმა თავდაპირველად ირანელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით 14:4, მეოთხედფინალში მონღოლ მოჭიდავეს სძლია 6:1, ნახევარფინალში კი ინდოელ ამან ამანის აჯობა (16:10). ქართველი მოჭიდავე ფინალურ დაპირისპირებაში ყირგიზ ალმაზ სმანბეკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ჭიდაობა: ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბელგრადში საქართველომ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებიდან 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი ასპარეზობდა. მსოფლიოს ჩემპიონ ზურაბ იაკობიშვილს შიდა კონკურენციას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი უწევდა. ქართველ სპორტსმენებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება, სადაც იაკობიშვილმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომელსაც 28-30 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.