თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე უკრაინაში სიტუაციის გამწვავების გამო რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების ახალი პაკეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ეროვნული ინტერესების ფა ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
„ხელისუფლება აკეთებს იმას, რის შესაძლებლობაც მას აქვს – ეხმარება უკრაინელ ხალხს. მორალური იქნება თუ პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები მისაღებია. მე ვეთანხმები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, საქართველომ რუსეთს სანქციები არ უნდა დაუწესოს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მოჭადრაკის განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ხელეწიფება, რის შესაძლებლობაც აქვს, ხოლო ის, რაც ქვეყანას კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს, აბსოლუტურად მიუღებელია.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.