სემეკი: თბილისში მოქმედი ენერგოკომპანიები დაჯარიმდებიან

დარღვევების შესახებ ანგარიში კომისიის მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) ენერგომიმწოდებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიების - „თელასისა" და „თელმიკოს" მუშაობაში დარღვევები გამოავლინა და კომპანიებს საჯარიმო სანქციები ემუქრება, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
სემეკის სპეციალისტები აღნიშნულ კომპანიებში შემოწმებას 7 თებერვლიდან აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა.

„გამოვლენილი დარღვევები ჩვენ „თელასისა“ და „თელმიკოს“ დაჯარიმების საფუძველს გვაძლევს, ამ საკითხის განხილვა კომისიის სხდომაზე მოხდება“, – განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დარღვევები ძირითადად კომპანია „თელასში“ გამოვლინდა. დარღვევების შესახებ ანგარიში კომისიის მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
არასწორად დარიცხული თანხა აბონენტებს დაუბრუნდებათ? სემეკი „თელმიკოსა" და „თელასში" შედის
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგომიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის" ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ" ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.