თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენას სთავაზობს, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, მუშაობა შეაჩერა უკრაინის ყველა აეროპორტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა მიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული უკრაინის მოქალაქეებისთვის.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმით. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
თავის მხრივ, უკრაინაში საქართველოს საელჩომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.