პრემიერი: საქართველო უსაფრთხოდაა ხელისუფლების პრაგმატულობის წყალობით

რუსეთთან მიმართებით დაძაბულობის შემცირება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ჩატარების ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავს – საქართველოს არაფერი ემუქრება, მან რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებას მიაღწია.
უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის საომარი ოპერაცია უკრაინაში.
„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით და რაღაც შოუს დადგმა არ არის ჩემი ხელწერა. მე საქმეზე ვფიქრობ მხოლოდ და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს არაფერი ემუქრება.
„არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით, პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას... ჩვენ რუსეთთანაც მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს – პრემიერი>>
სიტუაციის დასტაბილურება, პრემიერის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ამასთან პრემიერმა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც პარასკევს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვდა, უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ სხდომაზე მივიდოდა პრემიერი და რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებდნენ.
სხდომა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და განაცხადა, რომ ოპოზიცია უკრაინის თემით მანიპულირებს.
„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებითა და ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის მიზანი პროვოკაციების მოწყობაა.
„უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი. პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.