თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი 1 მარტიდან ვალდებული იქნება მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა N3 რეცეპტის საშუალებით. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ექიმი ასევე ვალდებულია სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი.
მოთხოვნა გავრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც. რეცეპტის ქაღალდზე გამოწერის საშუალება, გამონაკლისის სახით, სოფლის ექიმებს ექნებათ.
ცვლილებიდან გამომდინარე, აფთიაქებს უჩნდებათ ვალდებულება, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გასცენ მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საშუალებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, ფორმა N3 რეცეპტის ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებისთვის აფთიაქს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები.
უფრო ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და, შესაბამისად, წამლებზე ფასების შემცირებას.
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო