თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. უკრაინას არ მიუმართავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის (BSEC) რუსული სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვის თხოვნით.
მანამდე უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბონდარმა განაცხადა, რომ კიევი ანკარისგან მოითხოვს რუსული გემებისთვის სრუტეების ჩაკეტვას. ანკარაში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ თურქეთს შეუძლია სრუტეების ჩაკეტვა, მაგრამ რუსეთს ბაზაზე თავისი ფლოტის დაბრუნების უფლება ექნება.
„გატყობინებთ, რომ ჩვენ ასეთი განაცხადი არ მიგვიღია“, – განუცხადეს სააგენტო РИА Новости-ს ორგანიზაციაში.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია აერთიანებს 13 ქვეყანას: აზერბაიჯანს, ალბანეთს, სომხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთს, რუმინეთს, სერბეთს, თურქეთს, უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ზოგიერთ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტრუქტურას ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
21 თებერვალს პუტინმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ბრძანებულებებს, 24 თებერვალს კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას რუსეთი არ გეგმავს.
24 თებერვალს ტელევიზიით მოსახლეობისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ გარემოებები „მტკიცე და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, დონბასის რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს“.
პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანი არის „ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში იდევნებიან“. ამისათვის რუსეთი ეცდება „უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: РИА Новости