ღარიბაშვილი: თურქული მედიკამენტების პირველი პარტია ორ კვირაში შემოვა

საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარება უნდა გააუმჯობესოს.
Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში ორ კვირაში შემოვა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე.

„ეს იქნება უმაღლესი ხარისხის, GMP-სტანდარტის მედიკამენტები. ე.წ. გენერიკები, რომელიც ასევე იყო კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, კონკურენციაც იზრდება, უფრო ფართო არჩევანი ექნება ჩვენს მოსახლეობას და უფრო ნაკლებს გადაიხდიან მედიკამენტების შეძენისას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მედიკამენტების აღიარებისა და რეგისტრაციის ვადების შემცირების შესაძლებლობებს.
საქართველოში შესაძლოა მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები შემცირდეს
მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგინდა წესი, რომლის თანახმად, ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
საქართველოს მოსახლეობა მრავალი წელია მედიკამენტების ფასებზე ჩივის, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამ–ოთხჯერ უფრო იაფია. ბევრი ადამიანი წამლებისთვის თურქეთში მიდის, სადაც, მგზავრობის ხარჯების გათვალისწინებითაც კი, მედიკამენტების შეძენა უფრო იაფი უჯდება.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
წყარო: Rustavi 2