თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა მხოლოდ მესამედს ჰქონდა გვერდითი ეფექტები, ნათქვამია კვლევაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.
კვლევის თანახმად, გამოკითხული 1.966 ოჯახიდან აცრილთა 36,9%-ს ჰქონდა ვაქცინისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები.
ამასთან, 37,2%-ს ჰქონდა ლოკალური ტკივილები, 33,3%-ს – ცხელება, 32,2%-ს კი – სისუსტე. გვერდით ეფექტებს შორის გამოკითხულებმა ასევე დაასახელეს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, მაღალი წნევა, გულისრევის შეგრძნება, ლოკალური სიწითლე, მოუსვენრობა.
რაც შეეხება მათ, ვისაც ჯერ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჩატარებია, მაგრამ ვაქცინაციას გეგმავს, ისინი ძირითადად აპირებენ Pfizer-ით აცრას. ამ კუთხით მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, მესამეზე კი Sinovac-ი, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
ასევე დასახელდა მიზეზი, რის გამოც ოჯახები უარს ამბობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებაზე. გამოკითხულთა 46,4%-ის განცხადებით, მათ გვერდითი ეფექტების ეშინიათ, 40,2%-ს კი ვაქცინის სანდოობის არ სჯერა. ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, სიკვდილის შიში, გადატანილი კორონავირუსი, ალერგია და რელიგიური შეხედულებები.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. პიკის დროს ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 ათასს აჭარბებდა. ეპიდემიოლოგების თქმით, აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების მზარდი რაოდენობა „ომიკრონ“ შტამთან იყო დაკავშირებული.
წყარო: საქსტატი