თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ძალაში რჩება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, ნაწილი კი შემსუბუქდება.
კერძოდ, უქმდება შენობებში თერმოსკრინინგის ჩატარებისა და დეზობარიერის გავლის ვალდებულება, საკარანტინო სივრცეები, მსუბუქდება შეზღუდვები რესტორნებში და სხვ.
უწყების ცნობით, სასწავლო დაწესებულებებში კვლავ ძალაში რჩება თერმოსკრინინგის, დეზობარიერების, სადენზინფექციო ხსნარებისა და პირბადის ტარების წესი.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში ამ დროისათვის 2.085 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ზომები.
უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ან ვაქცინირებული არიან ორივე დოზით, კორონავირუსზე PCR-ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ, ხოლო არავაქცინირებული ან ერთი დოზით აცრილი მასწავლებლები – კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.
სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.