თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. შეზღუდვები ვეღარ შეაჩერებს კორონავირუსის გავრცელებას, განაცხადა იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
სამშაბათს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ-შეზღუდვების შერბილების შესახებ, რაც ეხება ქვეყანაში შემოსვლის წესებს, საკარანტინო სივრცეების გაუქმებას, მასობრივი ღონისძიებების გამართვას. საკოორდინაციო საბჭომ ასევე გააუქმა სავალდებულო თერმოსკრინინგი, სარეგისტრაციო ჟურნალები და დეზობარიერები.
იმედი იმისა, რომ შეზღუდვები ინფექციის გავრცელებას შეაჩერებდა, ამაო აღმოჩნდა. დღეს ეს გზა არაეფექტურად არის მიჩნეული, განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შეზღუდვების შემოღება, არამედ მათი ეფექტური განხორციელება და კონტროლი. ამ მიმართულებით, ჩხაიძის თქმით, იყო ხარვეზები.
იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თვალსაზრისით, საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად უნდა მოიქცეს და ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად უნდა გამოცხადდეს.
„ქვეყანამ, დიდი ალბათობით, ამ პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო და შესაბამისად, ჰოსპიტალურმა სექტორმა და ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო დატვირთვას, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია. მე ვუჭერ მხარს, რომ ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად გამოცხადდეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეული კორონავირუსის მეექვსე ტალღა შედარებით შესუსტდა. თებერვლის დასაწყისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 24-26 ათასს აღწევდა, თუმცა გასულ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 8-12 ათასამდე შემცირდა.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, დადებითობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. 21 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 25,48%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 30,65%-ს, ბოლო 7 დღის - 28,55%-ს.