თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეები, სადაც კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იყვნენ მოთავსებული, 1 მარტიდან გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საკარანტინო სივრცეებად გამოიყენებოდა სასტუმროები, სადაც კვებისა და განთავსების ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავდა. აღნიშნული სივრცეები ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ გაიხსნა.
„1 მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ბოლო ცნობით, საკარანტინო სივრცეებში ამჟამად მხოლოდ შვიდი ადამიანი იმყოფება.
გარდა ამისა, უქმდება შენობებში თერმოსკრინინგისა და დეზობარიერების ვალდებულება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები იყო დაწესებული.