საქართველოში შესაძლოა მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები შემცირდეს

ინიციატივის მიზეზად სახელდება პროდუქციის ხარისხის გაძლიერებული კონტროლი, რომელიც მედიკამენტების ბაზარზე დასაშვებად რაიმე დამატებით ექსპერტიზებს აღარ საჭიროებს
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში განსახილველად შევა ინიციატივა ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის ვადების შემცირების შესახებ, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, წამლების რეგისტრაციისა და აღიარების ვადები მცირდება 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირების მქონე პროდუქციის პირველადი შემოტანისას - 10 დღიდან 5 დღემდე.
ინიციატივის ავტორია საქართველოს მთავრობა. ვადების შემცირების მიზეზად სახელდება პროდუქციის ხარისხის გაძლიერებული კონტროლი, რომელიც ბაზარზე მედიკამენტების დასაშვებად რაიმე დამატებით ექსპერტიზებს არ მოითხოვს.
მანამდე მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა დაადგინა წესი, რომლის თანახმად ქვეყანაში შემოსულ მედიკამენტებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს.
GMP არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ნორმებსა და წესებს, რომელთა შესრულებით მიიღწევა წარმოების პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა ყველა ეტაპზე, მათ შორის პროდუქციის შენახვასა და ტესტირების დროს.
GMP სტანდარტი მოიცავს მთელ რიგ ინდიკატორებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საწარმო, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის დანერგვა თურქული მედიკამენტების ქართულ ბაზარზე გამოჩენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.
საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება >>
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამისი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ელოდება, რომ ბაზარზე გაზრდილი კონკურენცია დადებითად აისახება ფასებზე.
საქართველოს მოქალაქეები წლებია უჩივიან მედიკამენტების მაღალ ფასს, რომელიც მეზობელ თურქეთში სამ-ოთხჯერ იაფი ღირს.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.
წყარო - „პირველი არხი“