რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კასპიის ფლოტილიის საბრძოლო გემების წვრთნები – გეოპოლიტიკური მოვლენაა. 2.600 კმ სიშორის მაღალი სიზუსტის სარაკეტო კომპლექსებს „კალიბრი-НК“ შეუძლიათ კასპიის აკვატორიიდან სამიზნეს მისწვდნენ შავ და ბალტიის ზღვებში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ახლო აღმოსავლეთში, ასევე რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების „ფრონტისპირა“ ტერიტორიებზე.
კასპიის ფლოტილიის ძალების დაჯგუფება, რომელიც შედგება 20 საბრძოლო ხომალდისგან, 17 თებერვალს ზღვაში გავიდა გეგმური მანევრების ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად. ფლოტილიის სამეთაურო პუნქტიდან ეკიპაჟები ამუშავებენ ძალების განთავსების ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, ხომალდების დივერსიისგან დაცვასა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, ასრულებენ პრაქტიკულ სარაკეტო და საარტილერიო სროლებს.
სარაკეტო ხომალდების „დაღესტნის“, „გრად სვიაჟსკის“, „უგლიჩის“, „ველიკი უსტიუგის“, „მახაჩკალას“, „ასტრახანის“, „სტუპინეცის“ სარაკეტო ხომალდების, მცირე საარტილერიო გემების მოქმედებები ინტეგრირებულია მსოფლიო ოკეანეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წვრთნების მასშტაბურ სერიაში, რომელშიც მონაწილეობს 140-ზე მეტი საბრძოლო გემი, 60 საფრენი აპარატი, 1.000 ერთეული სამხედრო ტექნიკა, 10.000-მდე სამხედრო მეზღვაური. სტრატეგიული მიზანია – ზღვიდან და ოკეანიდან რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შემცველი საომარი მოქმედებების მოგერიება, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და საჰაერო-კოსმოსური ძალების სამოქმედო გეგმის დამუშავება.
კასპიის ფლოტილია – სამხრეთის სამხედრო ოლქის საზღვაო შემადგენელია და ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში სტაბილურობის გარანტის როლს ასრულებს. სამხედრო-საზღვაო გაერთიანების შემადგენლობაშია რამდენიმე ბრიგადა და გემების დივიზიონი, სანაპირო ჯარების ნაწილები. კასპიის ფლოტილიის გემების 2.600 კმ სიშორის მაღალი სიზუსტის სარაკეტო იარაღს შეუძლია დაფაროს შავი ზღვის აკვატორია, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი, ბალტიის ზღვის დიდი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, (სრულად) საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ტერიტორიები.
ამ ფონზე აშშ-ისა და ნატოს სურვილი, „გაიყვანონ“ რუსული ჯარი უკრაინისა თუ პოლონეთის საზღვრებიდან მოშორებით, აზრს მოკლებულია. ევროპაში ამერიკული თვითმფრინავების - F-35, F-15, B-52 გადმოსროლა „პარტნიორებისთვის“ მეტად სახიფათოა. ნატოსთან საომარი კონფლიქტის ჰიპოთეტურ სიტუაციაში ევროპაში (ამერიკელები ამისთვის ბევრს იღვწიან) რუსეთი იძულებული იქნება ოპერატიულად ჩაახშოს „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრები“ ვაშინგტონსა და ბრიუსელში და ამას მაღალტექნოლოგიურად, მტკიცედ და გარანტირებულად გააკეთებს.
სტრატეგია და ტაქტიკა
კასპიის ფლოტილიის მფრინავი „კალიბრები“ პირველად საბრძოლო ვითარებაში 2015 წელს გამოსცადეს, როდესაც 26-მა ფრთოსანმა რაკეტამ სირიაში ჯიჰადისტების პოზიციები და ობიექტები გაანადგურა. მას შემდეგ სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარაკეტო ტექნოლოგიები და ტაქტიკა მნიშვნელოვნად განვითარდა, კასპიის ფლოტილიის გემებმა ფლოტებს შორის – ვოლგისა და დონის გავლით – შავ და აზოვის ზღვებში გადასვლის პრაქტიკა აითვისეს, რაც ევროპის მიმართულებით ფლოტილიის ოპერატიულ ზონას საგრძნობლად ზრდის.
წელს კასპიის ფლოტილიისა და შავი ზღვის ფლოტის გემები ერთობლივ წვრთნებზე ამუშავებენ ერთიან ტაქტიკურ ამოცანებს ავიაციის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების მონაწილეობით – „ცდიან“ ძალებს ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე, სადაც „პარტნიორები“ იმდენად გაიტაცა რუსეთის „შეკავებამ“, რომ სამი ავიამზიდი გამანადგურებელი ჯგუფიც ჩამოიყვანეს: ამერიკულს მეთაურობს USS Harry Truman, ფრანგულს – Charles de Gaulle, იტალიურს – მსუბუქი ავიამზიდი Cavour 550. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს გასაძლიერებლად დაუმატეს ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი (სულ არის 8), ასევე „ოჰაიოს“ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავი, რომელიც გადაკეთებულია და შეუძლია 154 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ის გადატანა. ამას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გეგმები არ შეუცვლია. ხმელთაშუა ზღვაში მოქმედებს ორი სარაკეტო კრეისერი – „ვარიაგი“ და „მარშალი უსტინოვი“, რომელთაც მალე მესამე შეემატება – „მოსკოვი“. „ატლანტის“ პროექტის გემებისთვის „ავიამზიდების მკვლელები“ ტყუილუბრალოდ არ შეურქმევიათ – მათ შეუძლიათ 1.000 კმ სიშორის 16 ნავსაწინააღმდეგო კომპლექსი „ვულკანის“ (სიჩქარე - 2,5 მახი) გადატანა, ჩვეულებრივი ან ბირთვული საბრძოლო ნაწილით, რომელიც ალიანსის მთელ AUG-შეიარაღებას ეყოფა.
პენტაგონმა უკვე დაიჩივლა, რომ რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის თავზე მისი თვითმფრინავები დაიჭირა. წვრთნების ტაქტიკური ფონის გასართულებლად, სავარაუდო მოწინააღმდეგის ავიამზიდების განადგურების ოპერაციის დასამუშავებლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიის ავიაბაზაზე – ჰმეიმიმში გადაისროლა მძიმე გამანადგურებლები МиГ-31К, ჰიპერბგერითი რაკეტებით „კინჟალით“ (სიჩქარე - 12 მახი, სიშორე - 2.000 კმ) და შორი მანძილის ბომბდამშენები Ту-22М3, უახლესი ფრთოსანი რაკეტებით Х-32 (სიჩქარე - 4,4 მახი, სიშორე - 1.000 კმ). სპეციალისტების აზრით, თითოეულ „დემოკრატიის კიდობანს“ ხუთ წუთზე მეტი არ დასჭირდება.
ხმელთაშუა ზღვაში კასპიის ფლოტილიის უხილავი ყოფნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „პარტნიორების“ მრავალვარიანტიან სამხედრო-ტექნიკურ იძულებაში მშვიდობისკენ. აღსანიშნავია, რომ აშშ და ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავიანთ აშკარა პროვოკაციულ ქმედებას ესკალაციად არ მიიჩნევენ. შესაბამისად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და სამხედრო-კოსმოსურ ძალებს წინ ბევრი სამუშაო აქვთ.
მრავალპოლარული მშვიდობისა და თანაბარი უსაფრთხოებისთვის „პარტნიორები“ მზად არ არიან და რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში წინასწარ არიან განწირული მარცხისთვის (ავღანელი თალიბები ტყუილის თქმის საშუალებას არ მოგვცემენ). ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთთან მწვავე კონკურენციის ახალი ეტაპი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს „ერთი თაობა ან მეტი“. თუმცა ბრიტანული გამოცემა Al-Quds ფიქრობს, რომ დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ უკვე ჩაფლავდა: „ამჟამად რუსეთი ნატოს რთულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც თავს ახვევს ახალ სამხედრო რეალობას აღმოსავლეთ ევროპაში. ჯერ ეს ჩანს უკრაინის მაგალითზე, მოგვიანებით კი, ალბათ, შეეხება რუმინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს“. შვედური Svenska Dagbladet დასძენს: „პუტინი არ დაესხმება თავს უკრაინას. თუმცა მაინც გაიმარჯვებს“. როგორც იტყვიან, გვერდიდან უკეთ ჩანს.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი გემების მძლავრი დაჯგუფება შავ და ხმელთაშუა ზღვებში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემების განთავსება ბელარუსში, სირიასა და სხვა სტრატეგიულ ადგილებში, რუსეთის ბირთვული ძალების დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი წვრთნები – ნათლად აჩვენებს, რამდენად საშიშია აშშ-ისა და ნატოსთვის ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება რუსეთის გავლენის ზონაში, რომ არაფერი ითქვას ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაზე. ვაშინგტონის სტრატეგიული მცდარი გათვლები მოსკოვთან ურთიერთობის საკითხებში კატასტროფულ შედეგებს მოუტანს აშშ-სა და მის ვასალებს ევროპაში.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე