რეგულირების დოკუმენტი: რას გეგმავს მთავრობა ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით

ქვეყანაში ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომელთა შესახებაც განცხადება პროკურატურამ უკვე გააკეთა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით რეგულირების ჩარჩო დოკუმენტს შექმნის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ქოლ-ცენტრები საქართველოშიც არსებობს, ისევე, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესი ლეგალურ ჩარჩოში იყოს მოქცეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ქოლ-ცენტრებთან მიმართებით არის კარგი პერსპექტივა და პრაქტიკა. ქვეყანაში მუშაობს რამდენიმე კომპანია, რომელიც წარმატებით ემსახურება საერთაშორისო დამკვეთს“, – განაცხადა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დოკუმენტი დაეხმარება საგამოძიებო სამსახურებს, მომავალში დროულად გამოავლინონ არაკანონიერი ფაქტები და სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიულად მოხდეს მათზე რეაგირება.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომელთა შესახებაც განცხადება პროკურატურამ უკვე გააკეთა.
„საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით მსგავსი ტიპის ფაქტები მომავალშიც იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის სქემის გახსნის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პირველად 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა. მაშინ საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად შვიდი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის იანვარში ანალოგიური დანაშაულისთვის კიდევ ექვსი პირი დააპატიმრეს.
პრემიერი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებით დაინტერესდა
გამოძიების ვერსიით, თაღლითების ჯგუფებმა საქართველოდან დააფუძნეს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ონლაინ-პლატფორმებით მართავდნენ. მათ ფიქტიური ონლაინ-კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები.
ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლებისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.
ქოლ-ცენტრებში მათ ოპერატორებად დაასაქმეს უცხო ენის მცოდნე პირები, ჯგუფის სამიზნეს კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ქოლ-ცენტრების თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
სინამდვილეში კი არანაირი ვაჭრობა არ ტარდებოდა, ხოლო თაღლითები ფულს ისაკუთრებდნენ.