თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს, იუწყება „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“.
ევროპის თასის ეტაპების ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრებები პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინაში (19-20 თებერვალს), ხოლო მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში – სლოუფსთაილის (slopestyle) დისციპლინაში (3–6 მარტს).
შეჯიბრებებში, სავარაუდოდ, მსოფლიოს 40 ქვეყნის 200–ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სხვ. ბაკურიანში ჩამოვა ავსტრიელი სნოუბორდისტი ბენჯამინ კარლი, რომელიც პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს საქართველოსთვის ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სატესტო შეჯიბრებები გახდება.