თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, ნათქვამია ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელმიკოს" განცხადებაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალისტები ენერგომიმწოდებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიების - „თელასისა" და „თელმიკოს" შემოწმებას 7 თებერვლიდან აწარმოებენ. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. შემოწმების პროცესში ენერგოომბუდსმენის აპარატი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვნენ.
სემეკმა უნდა დაადგინოს ნახევარი მილიონი აბონენტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის ამსახველი ანგარიშების და მრიცხველების დარიცხვების შესაბამისობა. საუბარია 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მიღებულ ქვითრებზე.
სამუშაო ჯგუფმა დარიცხვების სისწორის შემოწმება 3 მარტამდე უნდა დაასრულოს.
ენერგოგამანაწილებელი კომპანიის განმარტებით, იანვრის თვეში დაფიქსირებული გაზრდილი დარიცხვები რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული:
2022 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;
ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში;
საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;
იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.
„გულწრფელად ვწუხვართ, რომ მომხდარმა ცვლილებებმა უხერხულობა გამოიწვია და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ თითოეულ მომხმარებელს", – აღნიშნულია განცხადებაში.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგომიმწოდებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის" ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია "თელმიკომ" ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
2021 წლის დეკემბერში კომპანიამ დარიცხვების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველების ჩვენება თვის ბოლო ოთხ რიცხვში უნდა აიღონ, ხოლო აბონენტებმა ქვითრები მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა მიიღონ.
ეს უკვე მეორე შემოწმებაა, რომელიც ბოლო დროს ენერგოგამანაწილებელ და ენერგომიმწოდებელ კომპანიებში ტარდება. აგვისტოში არასწორი დარიცხვების გამო „თელასი“ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო" 75 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კომპანიას ერთ თვეში დარიცხვების გადაანგარიშება უნდა გაეკეთებინა და კომისიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც შესრულდა. მაგრამ ოქტომბერში არასწორი დარიცხვების გამო მან კიდევ ერთი შენიშვნა მიიღო.
წყარო: თელმიკო