თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს სკოლებში დადგენილ ვადაში დაიწყება, როგორც ეს სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 15-20 ათასის ფარგლებში მერყეობს. ამის გამო მშობლებს შორის გავრცელდა ხმები, რომ საგაზაფხულო არდადეგები შეიძლება ვადაზე ადრე დაიწყოს.
„საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სფეროს მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა. პარალელურად გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება", – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ზომები.
უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ან ვაქცინირებული არიან ორივე დოზით, კორონავირუსზე PCR-ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ, ხოლო არავაქცინირებული ან ერთი დოზით აცრილი მასწავლებლები – კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს.
ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს. 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლაზე 732 სკოლაა გადასული.
საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში 7-11 მარტს არის გამოცხადებული.