თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. 10-17 თებერვლის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 8.992 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
ამასთან, იგივე პერიოდში ონლაინ-სწავლების მოთხოვნა 25.325-მა მშობელმა გააუქმა.
საქართველოში ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლა ფიქსირდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სკოლებში დაცულია უსაფრთხოების ზომები.
უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი ან ვაქცინირებული არიან ორივე დოზით, კორონავირუსზე PCR-ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ იტარებენ, ხოლო არავაქცინირებული ან ერთი დოზით აცრილი მასწავლებლები – კვირაში ერთხელ სწრაფ ტესტს.
ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს. 2.085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლაზე 732 სკოლაა გადასული.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.