თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავი-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატ ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს, განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ 15 თებერვალს პარლამენტის დეპუტატის მანდატი დაკარგა და იმავე დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში დაბრუნებას რუსთავი-გარდაბნის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების გზით შეეცდება. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი–გარდაბნის ოლქში 2 აპრილს ჩატარდება.
„ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ეს რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება შეეცდება რუსთავში ყველა რესურსის მობილიზებას, ამიტომაც „ნაცმოძრაობა“ ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს.
„ნაცმოძრაობას“ რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ელექტორატი ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებიდან ქალაქის საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლების გაყვანა მხოლოდ „ნაცმოძრაობამ“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ შეძლო. რუსთავის საკრებულოში ოპოზიციას უმრავლესობა აქვს.