დასავლეთი რუსეთს ომში გამოუცხადებლობის გამო დამარცხებულად აცხადებს

Sputnik
პიოტრ აკოპოვი
„პირველად რუსეთმა დაახამხამა თვალი, თუ უბრალოდ ცალი თვალი დახუჭა, რათა უკეთ დაემიზნებინა და ჩახმახი გამოეკრა?“ – The Economist-ის ეს ციტატა ყველაზე კარგად ახასიათებს ალიანსელების ამჟამინდელ განწყობას. უკრაინის ირგვლივ დეესკალაციის შესახებ განცხადების გაკეთებას ისინი ჯერ არ ჩქარობენ და ამჯობინებენ, ცოტა ხნით კიდევ გაახანგრძლივონ „რუსული საფრთხის“, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის აქტუალობის საინფორმაციო კამპანია. ამის მიუხედავად, მთლიანობაში რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების დღევანდელი ეტაპი შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია წინასწარი დასკვნების გამოტანა. ვინ გაიმარჯვა ამ შეუმდგარ ომში – როგორი ომი იყო?
ცნობილია, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ იგი თავად არ დაიშლება შიგნიდან. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, ცივი ომის დროს. ამ უკანასკნელში ნებაყოფლობითი კაპიტულაციის შედეგებს რუსეთი დღემდე იმკის, მათ შორის, უკრაინის მიმართულებით.
გეოპოლიტიკური წვრთნები წარმატებით ჩატარდა
მაგრამ ახლა დაპირისპირების ახალ ფორმას ვადევნებთ თვალს – მოწინააღმდეგეებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, თარიღიც კი დანიშნეს, გმირულად ცდილობდნენ მის შეჩერებას... და როდესაც ომი არ დაიწყო, ანუ რუსეთი ომში არ გამოცხადდა, შეეცადნენ იგი დამარცხებულად გამოეცხადებინათ – არა ტექნიკურად, არამედ გეოპოლიტიკურად. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად სჯეროდათ თუ არა დასავლეთში იმის, რის პროპაგანდასაც თავად ეწეოდნენ, ანუ რუსეთის აგრესიის რეალურობის, თუ ეს მთლიანად სპეცოპერაცია იყო (სინამდვილეში ანგლოსაქსებს ორივე მოტივი ჰქონდათ). ახლა მნიშვნელოვანი სხვა რამაა: შეეცდებიან რუსეთი გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში დამარცხებულად გამოაცხადონ. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები?
თუ საუბარია რუსეთის საერთაშორისო რეპუტაციაზე, „დასავლეთის მიერ აღკვეთილი რუსული აგრესია“ მასზე არანაირად არ აისახება. დასავლეთის აუდიტორიის ფარგლებს გარეთ ამას ვერავის მიჰყიდიან – ვერც ჩინეთს, ვერც ინდოეთს, ვერც არაბულ სამყაროს (რომელმაც შესანიშნავად აითვისა სირიის გაკვეთილი) და ვერც ლათინურ ამერიკას (სრულიად შემთხვევით, თუმცა სიმბოლური დამთხვევით, ორი უმსხვილესი ქვეყნის – ბრაზილიისა და არგენტინის პრეზიდენტები მოსკოვში სწორედ „შეჭრის“ ირგვლივ ატეხილი ისტერიის დროს იმყოფებოდნენ). ანუ ვირტუალური გამარჯვება ანგლოსაქსების მოგონილ ომში მათ პლუსებს არ დაუწერს. აი, მინუსებს კი ნამდვილად იგრძნობენ.
დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე უარი უთხრა: რა იქნება შემდეგ?
აგრესიის ცრუ ბრალდებები ხომ მისი მომგონის რეპუტაციას ვნებს. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არავის ეპარებოდა ეჭვი ანგლოსაქსების უნარში, მიაწერონ სხვებს ნებისმიერი რამ, მსოფლიო ლიდერების უმრავლესობა მაინც გააკეთებს დასკვნას, რომ ამჯერად „აკელამ მიზანს ააცილა“. რატომ გააკეთა მან ეს – რუსეთის შეჭრის რეალური შიშის გამო თუ რუსეთის დაშინებისა და მასზე ზეწოლის მიზნით, დანარჩენი მსოფლიოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვაშინგტონმა და ლონდონმა გლობალური მასშტაბის ისტერიკა მოაწყვეს და ახლა უკვე რუსეთს აქვს ყველა საფუძველი, ისინი შეგნებულ პროვოკაციასა და დეზინფორმაციაში დაადანაშაულოს.
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავი მის ადგილზე წარმოიდგინოს და იფიქროს, რას მოიმოქმედებდა ამ სიტუაციაში. დასკვნა ყველას მსგავსი ექნებოდა: საჭიროა ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაართვა ანგლოსაქსებს შესაძლებლობა, მოაწყონ მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ტერორი. ანუ მსოფლიო კიდევ უფრო სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს რეალურად მრავალპოლარულ სამყაროდ, რათა დასავლეთის საინფორმაციო სპეცოპერაციები იმავე დასავლეთის ქვეყნებს არ გასცდეს.
თუმცა მომხდარის დასავლურ საზოგადოებრივ აზრზე გავლენაც არ იქნება ესოდენ ერთგვაროვანი, როგორც დღეს ბევრს ჰგონია. „მშვიდობისმყოფელის“ გვირგვინი ვერც ჯონსონს, ვერც ბაიდენსა და „ვაშინგტონის ჭაობს“ ვერ დაეხმარება. ამერიკელების ნაწილმა რომც დაიჯეროს, რომ ბაიდენმა პუტინი შეაჩერა, ეს პრაქტიკულად ვერაფრით დაეხმარება დემოკრატებს ნოემბერში კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ტრამპის რევანშის შეჩერებაში. მეტიც, უსაფრთხოების საკითხებზე აშშ–რუსეთის მოლაპარაკების დაწყების შემდეგ „უკრაინის დაცვას“ დემოკრატების წინააღმდეგ მიმართავენ და დააბრალებენ მათ, რომ დაუთმეს რუსებს და ხელი შეუწყვეს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას.
მსოფლიო დღეს
ვაშინგტონი პასუხს ელოდება: ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა მოსკოვზეა დამოკიდებული
მაგრამ არსებობს მესამე ველი თეზისის „რუსეთი დამარცხდა“ გამოსაყენებლად – რუსეთის შიდაპოლიტიკური. ამ თეზისს რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული ცინიზმით გაათამაშებენ. და არა პროდასავლურ ლიბერალებს შორის – აქ ყველაფერი მარტივადაა და ისედაც ყველაფერი ეფუძნება რწმენას, რომ ამერიკელებს შეუძლიათ მსოფლიო და რუსეთი საშინელი პუტინისგან იხსნან. არა, გამოიყენებენ რუსეთის პატრიოტულად განწყობილი პუბლიკის ნაწილს და შეეცდებიან ჩაუნერგონ მათ იმედგაცრუება იმის გამო, რომ „პუტინმა ვერ მოახერხა კიევის აღება“.
ეს ყველაფერი 2014-2016 წლებში უკვე მოხდა, ეს დაუსრულებელი გოდება იმის გამო, რომ „პუტინმა დათმო“ (დონბასი, ნოვოროსია, რუსული სამყარო, რუსული ინტერესები). ახლაც იგივე გამეორდება: შეეშინდა, არ სცადა უკრაინის გათავისუფლება, უკან დაიხია დასავლეთის ზეწოლით. მიზეზების ახსნა-განმარტებაც მზადაა – მართლაც და რას უნდა ელოდო ამ ხელისუფლებისგან, ყველას ხომ ფული აქვს დასავლეთში, ფული და ინტერესები. სამწუხაროდ, ალიანსელებთან კონფრონტაციის მეცხრე წელსაც კი ამ ბოდვის ჯერ კიდევ სჯერა რუსეთის მიმნდობი ხალხის გარკვეულ ნაწილს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი თეზისისა „რუსეთი დამარცხდა“ – ოდნავ რთული. რუსეთს არ უნდოდა ომი, მაგრამ ცდილობდა ანგლოსაქსების შეშინებას, ამიტომ წაუყენა მათ უსაფრთხოების ყოვლად წარმოუდგენელი მოთხოვნები და უკრაინის ირგვლივ სამხედრო დემონსტრაცია მოაწყო. იმ იმედით, რომ დასავლეთს შეეშინდებოდა, შეძრწუნდებოდა და დათმობდა, სულ მცირე, რუსეთს უკრაინის ნატოში არგაწევრიანების გარანტიებს მისცემდა. მაგრამ მტკიცე ბაიდენი და დანარჩენები არ გატყდნენ, პირიქით, რუსეთს კინაღამ პროვოკაციები მოუწყვეს, რომ უკრაინაში შეჭრილიყო, რასაც პუტინი საერთოდ არ აპირებდა. და, შედეგად – იძულებული გახდა უკან დაეხია, დაბრუნებულიყო გამწვავებამდე არსებულ მდგომარეობას.
ყველაფერი გეგმით წავა: პუტინმა და შოლცმა ომზე იკამათეს
ამ ლოგიკის ყველაზე სუსტი ნაწილი არის პირველი გზავნილი: საჭიროა დაჯერება, რომ პუტინი ბლიცს თამაშობდა და ხანმოკლე პარტიაში სწრაფი გამარჯვების იმედი ჰქონდა. მაგრამ ნოემბერში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ულტიმატუმის წაყენებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა არა ბაიდენის სისუსტით, არა გერმანიაში მთავრობის ცვლილებით ან არჩევნების მოახლოებით საფრანგეთში, არამედ უკრაინისთვის ბრძოლის საერთო სტრატეგიით. რომელიც ყირიმის შემდეგ რვა წლის განმავლობაში გრძელდება და ყოველწლიურად სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. რუსეთი უკრაინისთვის ებრძვის არა ზელენსკის ან უკრაინელ ოლიგარქებს, არამედ იმ ძალებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ, რომ სამუდამოდ ჩამოგვაშორებენ რუსეთის ამ ისტორიულ ნაწილს. ანუ ფსონს დებენ 1991 წლის შედეგების სტრატეგიულ, ისტორიულ განმტკიცებაზე რუსულ სამყაროსა და ევროპას შორის საზღვრების გადახედვის გზით. სწორედ ესაა კატეგორიულად მიუღებელი რუსეთისთვის – არა პუტინისთვის, არამედ ნებისმიერი რუსისთვის რუსეთ–უკრაინის საზღვრის ორივე მხარეს. სწორედ ამაზე ესაუბრება პუტინი დასავლეთს, როდესაც მოთხოვნებს უყენებს. და ანგლოსაქსების პოლიტიკურმა ელიტამ ეს მშვენივრად გაიგო.
მათ ის კი არ აღელვებთ, რას გააკეთებს პუტინი დღეს, აღელვებთ ის, რომ რუსეთი აიძულებს მათ, უარი თქვან უკრაინის ალიანსში მიღებაზე, აღმოსავლეთით ექსპანსიის გეგმებზე. სიმართლე ითქვას, საშუალოვადიან პერსპექტივაში მათ ისედაც მცირე შანსი ჰქონდათ, შეენარჩუნებინათ სხვისი საკუთრება – და ეს კარგად ესმით კისინჯერის მსგავს რეალურ სტრატეგებს, მაგრამ მათ ჰქონდათ ილუზია, რომ უკრაინის თემას კიდევ დიდხანს გაწელავდნენ. პუტინმა მათ ეს ილუზია გაუქრო. ჯერ კიდევ დასჭირდებათ გარკვეული დრო რეფლექსიისა და ამ ფაქტის – უკრაინისთვის ბრძოლაში (მაგრამ ჯერ კიდევ არა გეოპოლიტიკურ ომში) საკუთარი მარცხის ფაქტის აღიარებისთვის.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე