თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კომუნალური გადასახადების გაზრდისა და სურსათზე ფასების მომატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.
აქცია ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები ერთდროულად შეიკრიბნენ კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცრუ დაპირებებს იძლეოდა და საკუთარი ხალხი შიმშილისა და სიღარიბისთვის გაწირა.
მომიტინგეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით „ქართულმა ოცნებამ მათხოვრებად გვაქცია“, „არა ცხოვრების გაძვირებას“.
„ისინი ტარიფების ორჯერ გაიაფებას გვპირდებოდნენ. ამის მაგივრად კი ხალხს ცხოვრება გაუსაძლისი გაუხადეს“, – განაცხადა კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნუგზარ ნონიაშვილმა.
საპროტესტო აქციაზე მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მსგავსი აქციების გამართვის მორალური უფლება, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა არ გააჩნია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ერთ წელიწადში ბოსტნეული გაძვირდა 23,3%-ით, პური და პურპროდუქტები – 20,5%-ით, ზეთი – 19,6%-ით. შაქარი – 18,2%-ით, რძე და კვერცხი – 14,4%-ით.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ამას მოსახლეობაზე გავლენა არ მოუხდენია გასულ წელს, რადგან ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობა სახელმწიფომ დაფარა.
გარდა ამისა, 2021 წლის 1 ივნისიდან თბილისში გაზზე სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46,138 თეთრიდან 53,972 თეთრამდე გაიზარდა.