თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა 7-8 დღით შემოიფარგლა, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად შესაძლებელია წარადგინონ სწრაფი ან PCR–ტესტის დადებითი პასუხი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცნობის მიღება პაციენტს შეუძლია ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში (სადაც ჩატარდა ტესტირება), ცნობის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია Georgia E-health აპლიკაციიდანაც.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენის შემთხვევაში მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე ინფიცირებული პირებისთვის შრომისუუნარობის ვადად 8 კალენდარული დღე ითვლება, 4 თებერვლის შემდეგ კი – 7 დღე“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამონაკლისს წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების (სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ფინანსთა სამინისტროები, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური) თანამშრომლები. ტესტის დადებითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში მათთვის შრომისუუნარობის ვადა განისაზღვრება კარანტინისა და იზოლაციის ახალი წესების მიხედვით, ამასთან, ის არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.
აღნიშნული ცვლილება უკვე ამოქმედდა და კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს შეეხება.
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო