თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგ ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირება არ არის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პრემიერს სურს შეცვალოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
„მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს. ეპიდემიის მართვა ისედაც რთულია და ნამდვილად არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც არანაირად არ არის გამართლებული", – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან ბრძოლის სამთავრობო გუნდი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს „ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და სრული კოორდინაციით".
„ყველაფერი ხდება კონსულტაციების რეჟიმში, ექსპერტების მონაწილეობითაც", – აღნიშნა გაბუნიამ.
ღარიბაშვილი მწვავედ გააკრიტიკეს, და პირველ რიგში ეპიდემიოლოგებმა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" წინააღმდეგ თითქმის არ მუშაობს და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა. აცრის მიუხედავად მაინც გადამედო „ომიკრონი", თქვა პრემიერმა.
მოგვიანებით მთავრობაში განაცხადეს, რომ პრემიერი არ არის ანტივაქსერი, ის გულისხმობდა, რომ ვაქცინა არ ამცირებს ინფიცირების რისკს, მაგრამ იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
ექსპერტების და ოპოზიციონერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მთავრობის მეთაურის და ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის მოსაზრებები კარდინალურად განსხვავდება და ღარიბაშვილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა სურს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენის დღიდან ეპიდემიოლოგები აცრის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ექსპერტების თქმით, ვაქცინა დაავადების მძიმედ მიმდინარეობისგან და ლეტალური შედეგისგან იცავს.