თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაასრულეს კანდიდატების მოსმენა პერსონალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობებზე. საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს გაიმართება.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების თანახმად, 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კანდიდატებს აღარ მოუსმენენ და საკითხს პირდაპირ კენჭისყრაზე გაიტანენ.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურისტი, ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრის ყოფილი სპეციალისტი ლელა ჯანაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი თამარ ალფაიძე.
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეტენდენტები არიან: საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კარლო კაციტაძე და ქუთაისის რაიონული პროკურორი ემზარ გაგნიძე.
საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს საჯარო მოხელეთა, მათ შორის, პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომელთა დანაშაულს.
პროცედურის თანახმად, ორივე შემთხვევაში დეპუტატები კენჭს უყრიან თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე და თითოეული სამსახურის უფროსი გახდება ის პრეტენდენტი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოიპოვებს.
ვინ უხელმძღვანელებს საბოლოოდ სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია. კომიტეტებმა ოთხივე კანდიდატი მოიწონეს, შესაბამისად, გადაწყვეტილება დეპუტატების არჩევანზეა დამოკიდებული.
წარმოდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი არ უჭერს მხარს. ისინი კანდიდატებს კომპეტენციასა და წარსულს უწუნებენ.