გიორგობიანი: პრემიერის განცხადება ვაქცინაციაზე კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

საქართველოს მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ღარიბაშვილი ორჯერადად არის აცრილი.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია იცავს არა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებისგან, არამედ გართულებისგან, განმარტა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თავის Facebook-გვერდზე.
ღარიბაშვილი ანტივაქსერულ განწყობებში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან განაცხადა, რომ ახალი შტამი „ომიკრონის“ წინააღმდეგ უმრავლეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ამასთან, დასძინა, რომ მიუხედავად აცრისა, „ომიკრონით“ მაინც დაავადდა.

„განცხადება ამოგლეჯილია კონტექსტიდან. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ცნობილია, ვაქცინა არის არა ვირუსის შეხვედრისგან თავდაცვის, არამედ მისი გართულების თავიდან აცილების საშუალება და მან პირადი მაგალითიც დაასახელა, რამდენად მარტივად გადაიტანა „ომიკრონი“, ვინაიდან იყო სრულად ვაქცინირებული Pfizer-ის ვაქცინით“, – დაწერა გიორგობიანმა.

მისი სიტყვებით, მთავრობა განაგრძობს ქვეყანაში იმუნიზაციის წახალისებას. 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის დაწესებულია 200-ლარიანი ჯილდო პირველ აცრაზე და 100 ლარი მესამე დოზით (ბუსტერით) აცრაზე.
გიორგობიანმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინების მილიონობით დოზა, ასევე, რომ ღარიბაშვილი თავადაც ორჯერაა აცრილი.
ღარიბაშვილი: „ომიკრონის" დროს უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს >>
საქართველოში კორონავირუსის გამოჩენის მომენტიდან ეპიდემიოლოგები აცრების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ვაქცინაციის წასახალისებლად საქართველოში ფულადი ჯილდოც დააწესეს. ექსპერტთა თქმით, ვაქცინა იცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისგან.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღაა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 1,4 მილიონზე მეტი შემთხვევა. ორი დოზით ქვეყანაში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 42,9%. ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 16 ათასს უახლოვდება. ყოველდღიურად კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 40-50 ადამიანი იღუპება.
წყარო - ნინო გიორგობიანის Facebook-გვერდი