თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ცალკეული კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
გასულ კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს ხოლო მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 732 სკოლა. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
საქართველოში ამ დროისთვის 2085 საჯარო სკოლა ფიქსირდება.
რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს სკოლებში, ის ერთ კვირაში არ გაზრდილა - დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.
17 იანვარს სკოლებში 2021-2022 წლების გაზაფხულის სემესტრი დაიწყო. მეორე სემესტრშიც მშობლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ სწავლების ფორმა და სურვილის შემთხვევაში დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ასევე რისკ-ჯგუფის მასწავლებლებს შეუძლიათ.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.
უწყების ინფორმაციით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს COVID-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.