ცუდად დაფასებული კაცი, რომელმაც ქართველები გასომხებისგან იხსნა

Sputnik
ქართული მენტალობის ფორმირებაში უდიდესი როლი ეკლესიას მიუძღვის და ამიტომაც შემთხვევითი არ გახლდათ, რომ მტერი პირველ დარტყმას მართლმადიდებლობასა და ჩვენი რწმენის უმთავრეს ბურჯს — საპატრიარქოს (საკათალიკოსოს) აყენებდა.
როცა დამპყრობელი სხვადასხვა დიდი მცდელობის მიუხედავად (იქნებოდა ეს მოსყიდვა, სიკვდილით დასჯის მუქარა, წამება თუ სხვა) მაინც ვერ მოახერხებდა ქართველთა თავის სარწმუნოებაზე გადაყვანას, მაშინ სხვა ხერხს მიმართავდა: თრგუნავდა მართლმადიდებლობას (დიოფიზიტობას) და ამის სანაცვლოდ პრივილეგიებს სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებს — მონოფიზიტობას, ნესტორიანობას, არიოზოლობასა და ა.შ. ანიჭებდა.
VI–VII საუკუნეთა მიჯნაზე ერთმანეთს ლიდერობას ორი ძლიერესი სახელმწიფო — ბიზანტია და სპარსეთი ეცილებოდა. აქედან პირველი ქრისტიანული სახელმწიფო იყო, ხოლო მეორე წარმართულ მაზდეანობას უხდიდა ხარკს.
სპარსელები ცდილობდნენ ბიზანტიისთვის მოკავშირე ქვეყნები ჩამოეცილებინათ და ამიტომაც ყოველმხრივ აქეზებდნენ მართლმადიდებლური რწმენის კონფესიურ დაშლა-დანაწევრებას.
არ გამოტოვოთ: ქართველი სარდალი, რომელსაც XVII საუკუნეში პირველს მოაფიქრდა ევროპის კავშირის შექმნა
სასანიდური ირანი განსაკუთრებული სისასტიკით ამიერკავკასიელ მართლმადიდებლებს უსწორდებოდა, როგორც ბიზანტიის პოტენციურ მოკავშირეებს. სპარსელთა ასეთმა პოლიტიკამ მართლაც გამოიღო შედეგი სომხეთსა და ალბანეთში, სადაც მონოფიზიტობამ გაიმარჯვა. დიდი იყო შანსი იმისა, რომ შაჰისა და სომეხ სასულიერო პირთა მონდომებით იბერიაც მონოფიზიტური გამხდარიყო, რომ არა მცხეთის მაშინდელი კათალიკოსი კირიონ პირველი. მან, ფაქტობრივად, რჯულგანდგომილობისგან გადაარჩინა ერი.
ისტორიკოსისა და ქართული ეკლესიის წარსულის მკვლევარის მიხეილ საბინინის შეფასებით, კათალიკოსი კირიონი იყო „ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებაში ღრმად დაჯერებული, ენერგიული და უშიშარი პიროვნება, რომელსაც მტერი ვერანაირი ხრიკებით ვერ გადაიბირებდა თავის მხარეზე“.
სამწუხაროდ, ქართული წყაროებში ამ კათალიკოსის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოგვეძევება და რაც ვიცით მის შესახებ, ძირითადად უცხოური წყაროებიდან. თუ სომეხ მემატიანეებს დავუჯერებთ, კირიონი წარმოშობით ჯავახეთის სოფელ სკუტრიდან ყოფილა. 15 წელი გაუტარებია სომხეთის ბერძნულ კოლონიაში, კერძოდ, დაბა ნიკოპოლში, სადაც ბერძნული განათლება მიუღია და დიოფიზიტობას ზიარებია.
არ გამოტოვოთ: სამუდამოდ დაკარგული? სად ვეძებოთ უზარმაზარი განძეული?
შემდეგ კირიონს საქმიანობა დვინში გაუგრძელებია გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის ეკლესიის წინამძღვრის ხარისხში. სომხეთში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულა და საკათალიკოსო ტახტი დაუკავებია. იმ დროს სულ 30 წლის იყო.
მიუხედავად ახალგაზრდობისა, კირიონი დიდად განათლებული და ერუდირებული პიროვნება ყოფილა, რაც კარგად ჩანს მის წერილებში. მას რელიგიისა და ეკლესიის ორგანიზაციულ საკითხებზე აქტიური მიმოწერა ჰქონია გაჩაღებული რომის პაპთან, იერუსალიმისა და სომხეთის პატრიარქებთან, სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან.
კირიონ კათალიკოსს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წლებში მოუწია მოღვაწეობამ. იმ პერიოდში უკვე აღარ არსებობდა იბერიის სამეფო, მას დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და სასანიდების იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ქართული იდენტობისა და ეროვნული ერთიანობის შენარჩუნების მთელი სიმძიმე ეკლესიას დააწვა.
მიუხედავად დიდი სირთულეებისა, კირიონი აქტიურად შეუდგა ეკლესიაში ფესვგადგმული მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლას. გახდა თუ არა ქვეყნის სულიერი მწყემსთავარი, დაუყონებლივ მიიწვია მცხეთაში სრულიად იბერიის ეპისკოპოსთა კრება, სადაც მკაცრად განუწესა ყველა ქართველს, მტკიცედ მდგარიდნენ დიოფიზიტურ მრწამსზე, მღველთმთავართ კი მოუწოდა, განუხრელად შეესრულებინათ ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტლებები. ამავე კრებაზე მან ბიწიერებასა და ერესში ამხილა სომხური მონოფიზიტური ეკლესია და მრევლს მოუწოდა, შორს დაეჭირა მისგან თავი.
არ გამოტოვოთ: დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები
მცხეთის ახალ კათალიკოსს მის მიერ გატარებულმა ეროვნულმა და რელიგიურმა პოლიტიკამ უდიდესი გავლენა და ავტორიტეტი მოუპოვა ქვეყნის როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში. არის ცნობები, რომ მან ქვეყნის ეკლესიურ ერთიანობას მიაღწია და ეგრისის საკათალიკოსოც კი დაიქვემდებარა.
უფრო მეტიც, ენერგიულმა მწყესმთავარმა შეიმუშავა ქრისტიანული დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებდა:
საეკლესიო მსახურებაში ქართული ენის დამკვიდრებას;
რჯულშეცვლილ ქართველთა და არაქართული მოსახლეობის ქალკედონიტურ (ანუ მართლმადიდებლურ) მრწამსზე მოქცევას.
კირიონმა დოქტრინას პრაქტიკული ნაბიჯიც მიაყოლა: კათალიკოსმა ცურტავის ეპისკოპოს მოსეს მართლმადიდებლობის ქირდვა არ აპატია — ტომით სომეხ და სარწმუნოებით მონოფიზიტ მღვდელთმთავარს საეპისკოპოსო კათედრა წაართვა და ეპისკოპოსად ტომით ქართველი დაადგინა. იქაურ სომხურენოვან თემში კი ქართულ ენაზე მღვდელმსახურება სავალდებულო გახადა.
არ გამოტოვოთ: „მაშინ იქმნა ბრძოლა დიდძალი“, ანუ ქართველთა და სომეხთა ომი წართმეული მიწებისთვის
ცურტავის ყოფილი ეპისკოპოსი ჯერ თავის მფარველთან, სომეხთა კათალიკოსის მოადგილე ვრთანეს ქერდოლთან გაიქცა, ხოლო შემდეგ ორივემ ერთად სპარსეთის სამეფო კარზე დაასმინეს კირიონი. მათ „მომაკვდინებელი ბრალდება“ წაუყენეს იბერიის კათალიკოსს: სპარსეთის შაჰის ქვეშევრდომმა უცხო სახელმწიფოსთან — ბიზანტიასთან შეჰკრა ერთობაო. ეგონათ, რომ კირიონს ამით დააშინებდნენ და სულიერად განაიარაღებდნენ.
მაგრამ მცხეთის კათალიკოსმა მონოფიზიტთა ამ ნაბიჯს კიდევ უფრო თამამი გადაწვეტილებით უპასუხა: საეკლესიო კრებას მიაღებინა დადგენილება, რომ მოწამეობრივად აღსრულებული დედოფალ შუშანიკის წმინდა ნაწილები ცურტავიდან თბილისში გადმოესვენებინათ და მეტეხის ტაძარში პატივით დაეკრძალათ.
უფრო მეტიც: 613 წელს, როდესაც კირიონი სპარსეთში მიიწვიეს ქტეზიფონის ე.წ. საეკლესიო კრებაზე, სადაც სპარსეთის ხელქვეითი ქრისტიანი ქვეყნების აღმსარებლობის საკითხი უნდა განეხილათ, მართლმადიდებლობის დამცველი პატრიარქი ამ კრებაზე საერთოდ არ გამოცხადდა. ეს ურჩობა მრისხანე შაჰის გამოწვევას ნიშნავდა, რაც დიდი გმირობა იყო მისი მხრიდან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იბერიას დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა და მას სპარსი სატრაპი განაგებდა.
არ გამოტოვოთ: „სისხლი სისხლისა წილ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი შურისძიება სომეხთა გაჟლეტისთვის
დასმენებით რომ არაფერი გამოუვიდათ სომხებს, პირმოთნეობითა და დათაფლული სიტყვით სცადეს კირიონის გადაბირება. ბოლოს ესეც მოსწყინდა სომეხთა კათალიკოს აბრაამს, 607 წელს ქართველები დაწყევლა და „საყოველთაო ეპისტოლე“ გამოსცა, რომლის ძალითაც სომხებს ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობა (ერთად წირვა-ლოცვა, ქორწინება, ქელეხი, ნათლობა და ა.შ.) აეკრძალათ, გარდა ვაჭრობისა.
თუმცა ამ ყველაფერს კირიონ კათალიკოსი მშვიდად შეხვდა, რაც ნათლად ჩანს ეჩმიაძინში გაგზავნილ მის ბოლო წერილში:

„...მეტს ნუღარ გაირჯებით და ამისთვის მეტს ნუღარ მოგვწერთ. თუ შემდეგ მე სომხეთზე გზით გავლა მომიწევს ოდესმე — ღმერთი თუ მაღირსებს, რომ იერუსალიმს წავიდე წმინდა ადგილთა თაყვანისსაცემად, თორემ [თქვენთან] სხვა რამ საქმე არა მაქვს...“

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ბიზანტიელებმა, სომხებმა, სირიელებმა, ალბანელებმა, კოპტებმა, ეთიოპიელებმა მწვალებლობის საბოლოოდ დაძლევა ვერ შეძლეს. მხოლოდ ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ მოახერხა მართლმადიდებლობის დაცვა და შენარჩუნება, რაშიც დიდი წვლილი კირიონ კათალიკოსს მიუძღვის. თუმცა ეს ძვირად დაუჯდა კირიონს. როდესაც სპარსელებმა დიოფიზიტთა მასშტაბური დევნა დაიწყეს, მცხეთის კათალიკოსი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ბიზანტიაში გადახვეწილიყო.
სამწუხაროა, რომ კირიონ პირველის სახელი სამშობლოში სათანადოდ დაფასებული არ არის. არადა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი წერდა:

„კირიონი რომ არა, ჩვენ ნამდვილად გავსომხდებოდით. დიდი საქმე ქნა ეროვნული თვალსაზრისით. ნამეტანი გონიერი, მაგარი და გამჭრიახი კაცი ყოფილა... ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ!“

სხვათა შორის, სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კირიონ I და კიროს ფასისელი (შემდეგში ალექსანდრიის პატრიარქი) ერთი და იგივე პიროვნებაა...