თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. მოსკოვი წუხს, რომ პარიზი და ბერლინი კიევის პოზიციას ემორჩილებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია მოადგილე დმიტრი კოზაკმა.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს და კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
„სამწუხაროდ... უკრაინა მანიპულირებს გერმანიითა და საფრანგეთით, ხოლო გერმანია და საფრანგეთი სიამოვნებით ჰყვებიან ამ მანიპულაციებს, მხარს უჭერენ აბსოლუტურად აბსურდულ იდეებსა და წინადადებებს ნებისმიერ ფასად, სრულიად სულელურ სიტუაციაში აღმოჩენითაც კი... ცდილობენ დასხლტომას, რათა საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულონ“, — უთხრა კოზაკმა ჟურნალისტებს ბერლინში ნორმანდიულ ფორმატში მრჩეველთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, კიევი უკვე რვა წელია, საბოტაჟს უწყობს „მინსკის შეთანხმებების“ შესრულებას. ბერლინში გამართული ნორმანდიული ფორმატის თათბირი კი უშედეგოდ დამთავრდა.
„თუმცა უარყოფითი შედეგიც შედეგია: ნათელი გახდა, რა ფასი აქვს სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორების განცხადებებსა და მათ ერთგულებას მინსკის შეთანხმებებისადმი“, — დაამატა კოზაკმა.
უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებების „ნორმანდიული ფორმატი“ 2014 წლიდან არსებობს. მაშინ ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის გადასხმიდან 70 წლის იუბილეს აღნიშვნისას, გერმანიის, რუსეთის, უკრაინის და საფრანგეთის ლიდერებმა პირველად იმსჯელეს დონბასში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ბოლო დროს მხარეები სხვადასხვა დონეზე განიხილავდნენ ამ ფორმატში ურთიერთქმედების პერსპექტივებს.