თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე მე-10 ადგილი დაიკავა.
აღნიშნული შედეგით მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების რეკორდი გაიმეორა. ასევე მე-10 ადგილზე დაასრულა გამოსვლა 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა.
მორის ყვითელაშვილმა ფინალში 170,64 ქულა მოაგროვა (85,92 ტექნიკური ელემენტებისთვის + 84,72 პროგრამული კომპონენტებისთვის) და საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს მხოლოდ 0,32 ქულით ჩამორჩა, რომელიც გასულ წელს ჰქონდა დაფიქსირებული.
მანამდე ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა, ჯამში ყვითელაშვილმა 268,62 ქულა დააგროვა და ოლიმპიადაზე პერსონალური რეკორდი დაამყარა.
ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ნათან ჩენი (332,60) გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი იაპონელებმა იუმა კაგიამამ (310,05) და შომა უნომ (293,00) გაინაწილეს.
პეკინის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგურავეები სხვა ინდივიდუალურ ტურნირებზეც იასპარეზებენ. 12 თებერვალს ყინულზე გიორგი რევია/მარია კაზაკოვა (სპორტული ცეკვები) გავლენ, 15 თებერვალს – ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით გამოვა, ხოლო 18 თებერვალს ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას სპორტული წყვილი ასევე მოკლე პროგრამით წარდგება.