თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს დღეს გამოცდა ჩაუტარდათ.
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
დღეს დაგეგმილ გამოცდაზე რეგისტრაცია 130-მა სტუდენტმა გაიარა, მათგან საგამოცდო ცენტრში 128 გამოცხადდა.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე – online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცა. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
გამოცდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.