თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში შეცდომისთვის სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა სომხური წარმოების რძის ნაწარმს – „მაცუნს“.
ტელეკომპანიის განცხადებით, სიუჟეტში სახელწოდებით „ქართული მაწონი „მაცუნის“ წინააღმდეგ“ დაშვებული იყო შეცდომა – Google-დან იყო გამოყენებული სომხური პროდუქტის ამსახველი ფოტო, რომლის წარწერა „არ ასახავს ორიგინალს“.
„ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური განმარტავს, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, სინანულს გამოთქვამს და ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო. სიუჟეტის ეს ნაწილი ამოღებული იქნება ჰოლდინგის ყველა სოციალური პლატფორმიდან“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით კრძალავს სომხეთში წარმოებული იმ რძემჟავა პროდუქტის ტრანზიტს, რომელსაც აქვს მარკირება „მაცუნ“, რადგან საქართველოში იწარმოება ანალოგიური პროდუქტი „მაწონი“, რომელიც ქვეყანამ 2012 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის სახით დაარეგისტრირა.
ახლა სომეხი მწარმოებლები „მაცუნის“ ნაცვლად იყენებენ მარკირებას „სომხური მთის იოგურტი“ (Армянский горный йогурт).