თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მაწონი - ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა და პროდუქტის რეპუტაცია სწორედ საქართველოსთან ასოცირდება, ნათქვამია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ღამბარიანმა განაცხადა, რომ საქართველო კრძალავს სომხეთში წარმოებული რძემჟავა პროდუქტის – „მაცუნის“ ტრანზიტს რუსეთში. სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაცუნის ექსპორტი რუსეთში „სომხური სამთო იოგურტის“ (Армянский горный йогурт) ბრენდით.
„მაწონი“- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
„საქპატენტში“ აღნიშნავენ, რომ მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს და ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს.
„კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია. დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან „საქპატენტში“ აღნიშნავენ, რომ რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
წყარო - „საქპატენტი“