COVID-19 - ბოლო ცნობები

დღეიდან იზოლაციის ვადა ხუთ დღემდე მცირდება: ვის ეხება ცვლილება

იზოლაციის ვადის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქ მიმდინარეობასთან.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. დღეიდან ძალაში შედის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადის რვიდან ხუთ დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეკომენდაცია შემუშავდა იმისათვის, რათა ყველა კლინიკას საჭირო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი ჰყავდეს და დეფიციტი არ შეიქმნას.
საქართველოში ინფიცირების შემთხვევების 95% კორონავირუსის ახალ „ომიკრონ“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები აწარმოებენ.
საქართველოში იზოლაციის ვადა, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს>>
საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები 17 იანვრიდან უკვე შემცირდა, რომლის მიხედვით:
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია–კარანტინის ვადა რვა დღეა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა. სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
არავაქცინირებული პირების შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში პირი კარანტინში იყოს. კარანტინის დასრულებიდან 9-12 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუ კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზით, ვაქცინაციის შემდეგ ორი კვირიდან 90 დღემდე ვადაში კარანტინისგან თავისუფლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, იზოლაციისა და კარანტინის ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით, კერძოდ, ავადმყოფობის პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.