„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წინადადებას იგნორირება გაუწია: კრიზისი გრძელდება

სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ იგნორირება გაუწია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წინადადებას – „ოცნების“ დეპუტატები ამჯერადაც არ გამოცხადდნენ სენაკის საკრებულოს სხდომაზე.
ოთხშაბათს საკრებულოს წევრებმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუ მმართველი პარტიის დეპუტატები სხდომაზე გამოცხადდებოდნენ. ყოფილი პრემიერის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნებოდა კრიზისის დაძლევა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

„ჩვენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ღია წინადადებით მივმართეთ, მაგრამ მათ უკვე მეექვსე სხდომა გააცდინეს და კვლავ იგნორირება გაუწიეს ვალდებულებებს, რომლებიც მათ ამომრჩევლებმა დააკისრეს“, – განაცხადა პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ამგვარად მმართველმა პარტიამ აჩვენა, რომ აპირებს საქმე მიიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე, რათა სენაკის საკრებულოში არჩევნების გაყალბების გზით უმრავლესობა მოიპოვოს.
„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა თავისი ჭეშმარიტი სახე და მიმართა საბოტაჟის ფორმას. ახლა თავმჯდომარის პოსტზე ჩვენს კანდიდატს წარვადგენთ“, – აღნიშნა სიჭინავამ.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს პარტიის კანდიდატს დანარჩენი ოპოზიცია.

ჩვენ მათთან კონსულტაციებს არ ვაწარმოებთ, – განაცხადა სიჭინავამ.

ადგილობრივი არჩევნების ჩატარებიდან სამი თვის შემდეგაც სამი საკრებულო – სენაკის, ზუგდიდისა და ბათუმის, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, კვლავ თავმჯდომარეების გარეშეა. ამასთან, გადამწყვეტი აღმოჩნდა პარტიის „საქართველოსთვის“ ხმები.
გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს >>
პარტიამ „საქართველოსთვის“ მიაღწია იმას, რომ მისი წარმომადგენლები გახდნენ თავმჯდომარეები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოებში.
სენაკში ადგილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: „ქართულ ოცნებას“ აქვს 16 მანდატი, ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 მანდატი, პარტიას „საქართველოსთვის“ – 4 მანდატი. თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა.