თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური შეჯიბრის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა, პირველები ყინულზე ინდივიდუალური ტურნირის მონაწილეები გავიდნენ.
26 წლის მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 97,98 ქულა (55,69 ტექნიკური ელემენტებისთვის + 42,29 პროგრამული კომპონენტებისთვის) დააგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ქართველმა მოციგურავემ ევროპელთა შორის პირველობა არავის დაუთმო. ყვითელაშვილის წინ მხოლოდ ამერიკელი ნათან ჩენი (113,97), იაპონელები იუმა კაგიამა (108,12) და შომა უნო (105,90) და სამხრეთკორეელი იუნჰვან ჩა (99,51) აღმოჩნდნენ.
ფინალისტები თავისუფალ პროგრამას 10 თებერვალს შეასრულებენ. მორის ყვითელაშვილი ყინულზე ბოლო ჯგუფში, 24 მონაწილეს შორის მე-20 ნომრად გამოვა. ქართველ მოციგურავეს შანსი აქვს, მოკლე პროგრამის შემდეგ პერსონალური რეკორდები თავისუფალ პროგრამასა (179,77) და ჯამურ შედეგშიც (265,69) გააუმჯობესოს.
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით იმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი სპორტის სამ სახეობაში.