თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მისი მომხრეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები თბილისში ერთდროულად ორ ადგილზე საპროტესტო აქციებს მართავენ, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) შენობებთან. ისინი მინისტრ ნათია თურნავას გადადგომასა და ტარიფების შემცირებას მოითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც ბოლო თვეებში ელექტროენერგიისა და გაზის ქვითრები გაზრდილი ტარიფებით მიიღო, მიმართონ სემეკს და ასევე მივიდნენ „ნაცმოძრაობის“ ოფისში, სადაც ისინი მათ ადვოკატის მომსახურებით დაეხმარებიან.
ხაბეიშვილის თქმით, სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სულ უფრო გაუარესდება.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა აქციაზე თან მიიტანეს იმ აბონენტების ელექტროენერგიის ქვითრები, რომლებმაც დეკემბრისა და იანვრის გადასახადი გაზრდილი ტარიფებით მიიღო. ამ გზით კომპანიამ უკანონოდ გამოიმუშავა 4–6 მლნ ლარი, აღნიშნავენ ლიდერები.
შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
საპროტესტო აქციებზე პოლიციაა მობილიზებული.
სემეკის სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ელექტროგამანაწილებელი კომპანიების „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება ელექტროენერგიის ხარჯებსა და მრიცხველების რეალურ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კუთხით. შემოწმება მოსახლეობის მხრიდან საჩივრების საფუძველზე დაიწყო.
სემეკს თბილისში მილიონ-ნახევარი აბონენტის შემოწმება მოუწევს.