თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბაქოსა და თურქმენბაშის პორტებს შორის ორი ახალი გემი 2022 წლის აპრილში დაიწყებს მიმოსვლას. ისინი საკონტეინერო გადაზიდვებს მოემსახურება, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აღნიშნავენ, გემების რაოდენობასთან ერთად გაორმაგდება ყოველკვირეული რეისების რაოდენობაც.
გადაზიდვებს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილი კომპანია GR Logistics and Terminals, თურქული კომპანია Pacific Eurasia Logistics, აზერბაიჯანული კომპანია ADY Conteiner, „თურქმენეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი“, უზბეკური კომპანია „უზბეკტემიროილ-ექსპედიცია“ და ყირგიზეთის რკინიგზის ოპერატორი ერთობლივად განახორციელებენ.
პირველი გემი აღნიშნული მარშრუტით 2020 წლის აპრილიდან მოძრაობს. ამ დროისათვის გადაზიდულია 17,5 ათასი კონტეინერი. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ტვირთზიდვების მოცულობა მარშრუტზე 101%-ით გაიზარდა.
გადაზიდვების დროს საუკეთესო მაჩვენებელი 2021 წლის მაისში დაფიქსრდა. მაშინ ტრანსპორტირების დრომ თურქეთიდან ყირგიზეთამდე 18 დღე შეადგინა.
თუმცა „საქართველოს რკინიგზის“ მონაწილეობით გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა მიღწეული შედეგი გაუმჯობესდეს და გადაზიდვის დრო 12 დღემდე შემცირდეს, აღნიშნავენ კომპანიაში.
ტრანზიტული გზების განვითარება საქართველოს გავლით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი“, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო შტო ბაქო–თბილისი–ყარსი და ანაკლიის პორტის პროექტი.