თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი 60%-ით იცავს, ე.წ. რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი კი 85%-მდეა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ბრიფინგზე.
საქართველო „ომიკრონ“ შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
„თუ გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია გამოვიყენოთ „რესპირატორი“. მისი გამოყენება უფრო ხანგრძლივად არის შესაძლებელი, 2-3 დღეც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება როგორც ყველაზე მაღალი რეინფიცირებისა და გავრცელების უნარის მქონე ვირუსი. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ქვეყანაში რეინფიცირების 10.997 შემთხვევაა, მაშინ, როცა პანდემიის დასაწყისში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო რეინფიცირების მხოლოდ 114 შემთხვევა.
„კორონავირუსი განიხილებოდა როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ პირი ერთხელ გადაიტანდა კორონავირუსს, ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი საკმაოდ დიდხანს ჰქონდა. მაგრამ „ომიკრონმა“ ეს ყველაფერი შეცვალა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან განმარტა, დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის წინა შტამები, არ ითვლება დაცულად და ნებისმიერ დროს შეიძლება „ომიკრონით“ დაინფიცირდეს.
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოორნავირუსის 11.235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 204.345 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგანაც 5.947 სტაციონარში მკურნალობს.