საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ საკითხზე 31 იანვარს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან კომიტეტის ერთბაშად რამდენიმე წევრი კოვიდ-კონტაქტი აღმოჩნდა.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გავა.
როგორც ადრე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველოს პარლამენტს შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი გამოაკლდეს
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, მაშინ საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა ამჟამინდელი 148-დან 145-მდე შემცირდება, რადგან მანამდე პარტიებმა, რომელთაც ჯაფარიძე, ნათელაშვილი და ხოშტარია წარმოადგენენ, საკუთარი პარტიული სიები გააუქმეს.
წყარო: საქართველოს პარლამენტი